თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საქართველო–რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას, სავარაუდოდ, 7-10 დღე დასჭირდება, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
უხვი ნალექის გამო მდინარე თერგის ადიდების შედეგად მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) გზის მონაკვეთი დაზიანდა.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე არიან და ყველა საჭირო ღონისძიებებს ატარებენ, რათა გზის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს“, – განაცხადეს დეპარტამენტში.
ამ დროისათვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია.
გარდა ამისა, შექმნილი ვითარების გამო მუშაობა დროებით შეწყვიტა აგრეთვე საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა „ყაზბეგმა" – ამ დროისათვის შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები, მათ შორის, საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.