თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
18 წლის ქართველმა ნიჩბოსანმა ფინალურ გაცურვაში კანოეთი 1000-მეტრიან დისტანციაზე ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა და 3:58.45 წუთი დააფიქსირა. წივწივაძე საუკეთესო იყო ასევე 200-მეტრიან დისტანციაზე გაცურვაში, სადაც მან ფინიშის ხაზთან მისვლა 41.200 წამში მოახერხა.
ევროპირველობაზე მეორე ადგილი ესპანელმა დანიელ როსამ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი ჩეხი ადამ რუდოლფი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედლის მოპოვება გასული წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც შეძლო.