თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. უკეთესი იქნება, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნოემბერში G20-ის სამიტს დაესწრება, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ZDF-თან საუბრისას.
მისი თქმით, ეს „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, პირდაპირ უთხრან პუტინს სათქმელი.
„ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ [პუტინი] ჩამოვა, რათა პირდაპირ ვუთხრათ, რასაც ვფიქრობთ. და მაშინ ის ვალდებული იქნება თავისი პოზიცია დააფიქსიროს“, — აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის თავმჯდომარის განმარტებით, „G20-ის ინსტიტუტი ზედმეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პუტინს მისი დაშლის უფლება მისცენ“. ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „ჩვეულებრივი ბიზნესი“ არ იქნება.
G20-ის მომდევნო სამიტი ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალიზე ნოემბერშია დაგეგმილი. მანამდე ინდონეზიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ყველა ლიდერს უკვე გაეგზავნა მიწვევა.
აღსანიშნავია, რომ აპრილში G20-ის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრა დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და კანადის დელეგაციებმა იმ მომენტში დატოვეს, როდესაც სიტყვით რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი გამოდიოდა. ამით მათ უკრაინაში რუსეთის „სამხედრო ოპერაცია“ გააპროტესტეს.
წყარო: ZDF