დუშეთში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანის პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მაშველებმა ვერტმფრენებით გამოიყვანეს 170 ადამიანი, რომელთა შორის ტურისტები და ბავშვები არიან, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად დუშეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეები მაშველებს დილიდან გამოჰყავთ.

„სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენის მიერ განხორციელებული ფრენების შედეგად მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 170 პირი, მათ შორის, ტურისტები და არასრულწლოვნები უსაფრთხო ადგილზე უკვე გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიება გრძელდება“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს მოქალაქეები გამოჰყავთ სოფლებიდან კორშა, როშკა, ბარისახო და ჩარგალი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის 18-ვე თემში ძლიერი სტიქიაა. უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა სასოფლო, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების მონაკვეთები.
ამჟამად ყველაზე რთული ვითარებაა ჟინვალი–ბარისახო–შატილის ცენტრალურ გზაზე, სადაც გუშინ მოვარდნილმა ღვარცოფმა გზა რამდენიმე ადგილზე დააზიანა, ჩამოწვა მეწყერი და ფშავისა და ხევსურეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაიკეტა.
გუშინ მეწყერი ჩამოწვა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის 53-ე კილომეტრზეც, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.