თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა აღიარა მაიმუნის ყვავილის გავრცელების „საგანგებო ხასიათი“ და ინფექციის გავრცელების კონტროლისკენ მოუწოდა.
ჯანმოს უახლესი მონაცემებით, წლის დასაწყისიდან 48 ქვეყანაში ადამიანებში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების 3,2 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა (მამაკაცს სხვა დაავადების გამო დასუსტებული იმუნური სისტემა ჰქონდა).
თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის აფეთქება ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციას.
„აფეთქების შემდგომი გავრცელების კონტროლი რეაგირებისთვის ინტენსიურ ძალისხმევას მოითხოვს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მაიმუნის ყვავილის ვირუსი კვლავ ვრცელდება მთელს მსოფლიოში, მაგრამ ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ფართო ინფიცირების რისკი ჯერ კიდევ დაბალია.