„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში ქუჩებს ასუფთავებს

მსგავსი ტიპის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ პერმანენტულად ატარებს.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. დედაქალაქის მასშტაბით დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ახორციელებენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში დასუფთავდა ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ქუჩები და სადგურის მოედანი. სპეციალური ქაფით მოირეცხა წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდელის ქუჩები.
ასევე სამუშაოების ფარგლებში გაირეცხა ნაგავშემკრები კონტეინერები, ხოლო აბასთუმნის ქუჩაზე ძველი ურნები ახლით ჩანაცვლდა.
დასუფთავების სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, დიდუბის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი.
„თბილსერვის ჯგუფმა“ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა
მანამდე „თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავების სამუშაოები შეასრულა რუსთაველის, ასევე ჭავჭავაძის გამზირზე და ყიფშიძის ქუჩაზე. ღონისძიების ფარგლებში ტროტუარები, მიწისქვეშა გადასასვლელები და ნაგავშემკრები კონტეინერები სპეციალური ქაფით და „კერხერის“ აპარატით მოირეცხა.
თბილისში ქუჩების დასუფთავების აქცია გაგრძელდება.