თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ ისტორიული დღე უწოდა.
იმის შესახებ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს, ცოტა ხნის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
„ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ახლა, ჩვენ მზად ვართ შემდეგი თვეების განმავლობაში მიზანდასახულად ვიმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღწევად“, - დაწერა ზურაბიშვილმა twitter-ში.
ამასთან მან მიულოცა უკრაინას და მოლდოვას, რომ მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკვე დღეს გადაწყდა.
„ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ასახავს რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გასცა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს შეადგენს.
მანამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს „ევროპული პერსპექტივის" აღიარება უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. ამასთან მან აღნიშნა, რომ უსამართლობაა საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება, რადგან ქვეყანა ყველა გლობალური რეიტინგით უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას.