საჯარო სკოლების მოსწავლეები სახელმძღვანელოებს წელსაც უფასოდ მიიღებენ

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებისა და პედაგოგების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას აგრძელებს, რისთვისაც წელს უწყებამ 14 მლნ ლარზე მეტი გამოყო.
საქართველოს საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სახელმძღვანელოები უფასოდ ურიგდებათ, რომლებიც სასწავლო წლის დასრულებისას სკოლას უნდა დაუბრუნონ. გარდა ამისა, პირველკლასელებს გადაეცემათ ნეტბუქები.
ახალი სასწავლო წლისთვის ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოებით. ამ დროისათვის სახელმძღვანელოების პირველი ნაწილი უკვე დაბეჭდილია და მათ სკოლებს 1 აგვისტომდე მიაწვდიან.
განათლების სამინისტრო მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს.
დღეისათვის საქართველოში 2.085 საჯარო სკოლაა. 2021/2022 სასწავლო წელს სკოლებში 624,5 ათასი მოსწავლე ირიცხებოდა, რაც 2,5%-ით მეტია წინა წლის სასწავლო წელთან შედარებით. „საქსტატის“ მონაცემებით, მოსწავლეების 90,4% საჯარო სკოლებში სწავლობს.
საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს იწყება.