მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე შვილის გარდაცვალების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„როგორ უძლებს დედაშენი ამას დე. ჩვენ ხომ უერთმანეთოდ არ შეგვეძლო, შვილო. შენთან ერთად წამოვალ დე, იქნებ იქ მაინც ვიყოთ ბედნიერები ერთად. ტელეფონზე არ მპასუხობ და ასე მოგწერე დე. დღეს ხომ მოხვალ სახლში, მე მზად ვარ ერთად წავიდეთ დე. მენატრები უკვე, სამი დღეა შენი ხმა არ გამიგია ლევან, შვილო”, – დაწერა კბილაშვილის დედამ და ნაწერს მისი ნამღერი დაურთო.
მომღერალი, პროექტ „ჯეოსტარი 2011“-ის და რუსული ვოკალური პროექტი „გოლოსის“ მონაწილე ლევან კბილაშვილი 21 ივნისს მოსკოვში 32 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
ლევან კბილაშვილი რუსეთში The Voice-ის რუსული ვერსიის მეშვიდე სეზონის მონაწილე იყო. პროექტზე ლევანის „მწვრთნელი“ იყო ცნობილი კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე.
„გოლოსის“ შემდეგ ლევანი დარჩა მოსკოვში და აქტიურად დაიწყო მუშაობა თავის სოლო კარიერაზე. გამოდიოდა ცნობილ მომღერალთან ლიუბოვ უსპენსკაიასთან ერთად.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლევანმა რამდენჯერმე გადაიტანა კორონავირუსი და მის შემდგომ გართულებებს ებრძოდა, აწუხებდა მენჯი, ჯოხითაც კი გადაადგილდებოდა და ოპერაციის გაკეთებას აპირებდა.