თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. წლის დასაწყისიდან მაიმუნის ყვავილი მსოფლიოს 48 ქვეყანაში გამოვლინდა, სულ 3,2 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
ამის შესახებ მან ჯანმოს კომიტეტის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელმაც უნდა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა მაიმუნის ყვავილის ამჟამინდელი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო ვითარებას.
„სულ რაღაც ექვსი კვირის წინ ჯანმომ მიიღო შეტყობინება მაიმუნის ყვავილის სამი შემთხვევის შესახებ იმ ადამიანებში, რომლებსაც არ უმოგზაურიათ დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ. მას შემდეგ ჯანმოს 48 ქვეყნიდან მოუვიდა შეტყობინება 3.200-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევისა და ერთი სიკვდილის შესახებ“, — აღნიშნა გებრეისუსმა.
მისი თქმით, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მასშტაბები, „დიდი ალბათობით, ბოლომდე არ არის შეფასებული“. გებრეიესუსმა კომიტეტს შეახსენა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან აფრიკიდან მაიმუნის ყვავილით ინფიცირების თითქმის 1,5 ათასი დაუდასტურებელი შემთხვევისა და დაახლოებით 70 სიკვდილის შესახებ მიიღეს ინფორმაცია (ძირითადად კონგოდან).
გებრეიესუსმა მოუწოდა ჯანმოს წევრ ქვეყნებს, გაუზიარონ ორგანიზაციას ინფორმაცია დაავადების გამოვლენილი შემთხვევების შესახებ. მისი თქმით, საჭიროა არა მხოლოდ ინფიცირებულთა იდენტიფიცირება, არამედ მათი სავარაუდო კონტაქტების მონიტორინგიც. გარდა ამისა, საჭიროა ლაბორატორიული კვლევები და ინფექციის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.
ხუთშაბათს ჟენევაში ჯანმოს საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის პირველი სხდომა გაიხსნა მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით. ამ სტრუქტურას კონგოელი სპეციალისტი, დოქტორი ჟან-მარი ოკვო-ბელე ხელმძღვანელობს, რომელიც მანამდე ჯანმოს იმუნიზაციის, ვაქცინებისა და ბიოლოგიური პრეპარატების დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. კომიტეტის თანათავმჯდომარეა ნიკოლას ლოუ, ბერნის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი. კომიტეტში ასევე შედის 14 ექსპერტი და რვა კონსულტანტი.
წყარო: WHO