თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 13-დან 17 წლამდე მოზარდთა საგანმანათლებლო და სამეცნიერო საზაფხულო სკოლა გაიხსნა.
სკოლა 23-დან 26 ივნისამდე იფუნქციონირებს. მისი მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების ფუნდამენტური დარგების – საბუნებისმეტყველო, სოციალური მეცნიერებების, მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივება.
ოთხი დღის განმავლობაში სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით გაეცნობიან პრაქტიკული, ექსპერიმენტული, კვლევითი სამუშაოების თანამედროვე სფეროებს და შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები, ვიქტორინები, ექსპერიმენტები, მასტერ-კლასები, შემუშავდება ინოვაციური კვლევითი პროექტები, მოეწყობა შეხვედრები, გაიმართება საველე ღონისძიებები, ექსკურსიები და მრავალი სხვა.