„უნიკალური ქართული გემო": თბილისში აგრობაზრობა გაიმართება

დედაქალაქის „დედაენის ბაღი" სტუმრებს „გემრიელ" ფესტივალზე ეპატიჟება.
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. აგრობაზრობა, სადაც მხოლოდ ქართული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, თბილისში, „დედაენის ბაღში" 25 და 26 ივნისს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრობაზრობა არის ღონისძიება მათთვის, ვისაც სურს გასინჯოს ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი და წარმოებული ნამდვილი ქართული პროდუქტები, იქნება ეს რძის პროდუქტები, ნატურალური თაფლი, გემრიელი მურაბა თუ ცხარე აჯიკა.

„ნამდვილ ქართულ პროდუქტებთან ერთად, ამა თუ იმ პროდუქტის მომზადების განსაკუთრებული ტრადიციის შედეგსაც შეხვდებით. აგრობაზარზე გამოტანილ პროდუქტებს მათი ადგილწარმოშობა – ისტორიული, კულტურული თუ ტერიტორიული მახასიათებლები გამოარჩევს. სწორედ ესაა მათი უნიკალურობის მიზეზიცა და შედეგიც", – წერენ ორგანიზატორები.

აგრობაზრობა იმართება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით, ინიციატივის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის".