რატომ ვერ მოინახულა სააკაშვილი მამამისმა - პენიტენციური სამსახურის განმარტება

მსჯავრდებულის მოსანახულებლად აუცილებელია წერილობით მიმართვა, მიმართვის შემდეგ კი ნიკოლოზ სააკაშვილი შეძლებს პატიმრის მონახულებას.
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამჟამად მსჯავრდებულ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვედრის უფლება შეეზღუდა, სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს კლინიკა „ვივამედში" მივიდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი და მოითხოვა მსჯავრდებულთან შესვლა.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მას განუმარტეს, რომ მსჯავრდებულის მოსანახულებლად აუცილებელია წერილობით მიმართვა. კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიმართვის შემდეგ კი ნიკოლოზ სააკაშვილი შეძლებს მსჯავრდებული სააკაშვილის მონახულებას.
უწყებაში განაცხადეს, რომ მსჯავრდებული შეუზღუდავად სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით, ამის ნათელი მაგალითია, რომ დღეის მდგომარეობით, სააკაშვილთან ამ დრომდე აღრიცხულია 935 ვიზიტორი.

„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან", – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
სასამართლო ამჟამად იხილავს სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს, ამას გარდა, კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
ამჟამად ის სასჯელს იხდის სისხლის სამართლის ორ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების საქმეებზე. ამ საქმეებზე მას პატიმრობა დაუსწრებლად 2018 წელს მიუსაჯეს.