მსოფლიო დღეს

მზადება სამიტისთვის: ნატო ევროპაში ძალთა ახალ ბალანსს გამოაცხადებს

Sputnik
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ნატო ემზადება, რომ ალიანსის მომავალ სამიტზე ევროპაში ძალთა ახალი ბალანსი გამოაცხადოს, განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპულ საქმეთა უფროსმა დირექტორმა ამანდა სლოტმა.

„ბოლო სტრატეგიული კონცეფცია 2010 წელს იყო მიღებული. მას შემდეგ გეოპოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ვფიქრობ, ძალთა ბალანსის შესახებ ფართო განცხადებები იქნება. <...> ვვარაუდობ, რომ შესაბამის განცხადებას ბევრი მოკავშირე გააკეთებს“, — აღნიშნა სლოტმა ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე.

მისი თქმით, ნატოს ახალ სტრატეგიაში ალიანსისთვის ყველაზე სერიოზულ და უშუალო საფრთხედ რუსეთი იქნება დასახელებული.
ამის შესახებ მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც ისაუბრა. მისი თქმით, კონცეფციაში განსაკუთრებული ყურადღება „უფრო აგრესიულად ქცეული მოსკოვის წინააღმდეგ სამხედრო პოზიციების გაძლიერებას“ დაეთმობა.
აღსანიშნავია, რომ ალიანსის 2010 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთი პარტნიორადაა მოხსენიებული.