თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ცილისწამება და დისკრედიტაციის მცდელობა – ასე გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურა პარტია „დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას ბრალდებებს.
ხუთშაბათს ხოშტარიამ გამოაქვეყნა ხუთი პროკურორის სია, რომლებიც, მისი თქმით, ასრულებენ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებებს. ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ყველა მათგანი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორისა და ივანიშვილთან დაახლოებული პირის ოთარ ფარცხალაძის დაქვემდებარებაშია.
„გვსურს გამოვეხმაუროთ გარკვეული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერებულ მორიგ ცილისმწამებლურ განცხადებას, რომლის მიზანიც პროკურატურის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ე.წ. „შესაშინებელი სიების“ (პროკურორების სიების - რედ.) გამოქვეყნება სიახლეს არ წარმოადგენს.
„როგორც წესი, ჩვენი თანამშრომლების მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს, ძირითადად ისეთი სისხლის სამართლის საქმეების მსვლელობის პარალელურად, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში მყოფი პირების დანაშაულებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, დისკრედიტაციის კამპანიის ავტორები პროკურორებზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ.
„უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიყალბეებით და დეზინფორმაციებით ვერავინ მიაღწევს მიზანს; საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას და თითოეული პროკურორის საქმიანობა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძეს 2013 წლიდან პროკურატურასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
პროკურატურა არ გამორიცხავს, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფის მოთხოვნით სამოქალაქო წესით სასამართლოს მიმართოს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა