ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო - ვის მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი

Sputnik
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა განაცხადა, რომ მზადაა მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს, ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლს მიშელ Twitter-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მანამდე ევროკომისიამ მისცა ევროპულ საბჭოს რეკომენდაცია, მიანიჭოს საქართველოს „ევროპული პერსპექტივა" და დაელოდოს, რომ ქვეყანამ კონკრეტული 12 პირობა შეასრულოს. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, – დაწერა მიშელმა ქართულად.

ამასთან მან ქართველ ხალხს ეს გადაწყვეტილება მიულოცა.
„ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – აღნიშნა მიშელმა.
რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, ევროპულმა საბჭომ ამ ორი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
„დღეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ თქვენ გზაზე. ვულოცავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს, ისევე, როგორც უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა”, – განაცხადა მიშელმა.