გიორგი შარვაშიძე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

პროტესტის მონაწილე სტუდენტებმა და თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორი გიორგი შარვაშიძე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სტუდენტებთან შეხვედრისას საუბარი იყო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, სასწავლო პროცესთან და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის ელენე წოწონავას თქმით, რექტორთან შეხვედრა სტუდენტების ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები.

„შეხვედრა იყო საინტერესო და ნაყოფიერი. ჩვენ მივიღეთ დაპირება პრობლემების გადაჭრაზე, დასახელდა კონკრეტული ვადები. ვფიქრობ, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ გვექნება მსგავსი შეხვედრა, რომელზეც ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გაკეთდა ამ პერიოდში და კიდევ რა არის გასაკეთებელი“, – განაცხადა წოწონავამ.

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ალექსანდრე გაბაშვილი მნიშვნელოვანად მიიჩნევს მსგავსი შეხვედრების გამართვას და აღნიშნავს, რომ ეს პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა.
„მნიშვნელოვანია, დავსხდეთ ასე კონსტრუქციულად და ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რაც სტუდენტებს აწუხებთ, და ვიბრძოლოთ ამ საკითხების გადასაჭრელად. პირველი შეკითხვა ეხებოდა საერთო საცხოვრებელს, რომელზეც უფრო დეტალური ინფორმაცია მივიღეთ – რას აპირებს უნივერსიტეტი, რა გეგმები აქვს“, – განაცხადა გაბაშვილმა.
როგორც უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, მოხარულია, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სტუდენტებთან შეხვედრის საშუალება მიეცა.

„ძალიან მიხარია, რომ უნივერსიტეტი უბრუნდება ჩვეულ რიტმს და რეჟიმს. დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, უშუალოდ შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც აინტერესებს როგორც სტუდენტებს, ასევე ადმინისტრაციას“, – განაცხადა შარვაშიძემ.

სტუდენტებთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დიალოგის ფორმატი მომავალშიც გაგრძელდეს.
პროტესტი თსუ-ში
ივნისის დასაწყისში თსუ-ის სტუდენტების ნაწილი რექტორის კაბინეტში შეიჭრა, ერთი მხრივ, მასთან შეხვედრის და, მეორე მხრივ, მისი გადადგომის მოთხოვნით. ბოლო პერიოდში რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია დისტანციურად სწავლისა და გამოცდების ჩაბარების მოთხოვნით, რადგან მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა იქირაონ თბილისში ბინები, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაძვირდა.
სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს და განათლების მინისტრთან შეხვედრა, რექტორის გადადგომა, დასკვნითი გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარება ან დიდ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატება მოითხოვეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაფიცულ სტუდენტებს შეხვდა: შედეგები>>
მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტებს სესიის დისტანციურად ჩაბარების უფლებაზე უარი უთხრა, რადგან ეს მათი ცოდნის შეფასების უსამართლო ფორმად მიაჩნია. მიუხედავად ამისა, უმაღლესმა სასწავლებელმა გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რათა მათ ღამის გასათევის ძებნა აღარ დასჭირდეთ.
დღეისათვის თსუ-ის 3,5 ათასზე მეტ სასწავლო კურსზე 24 ათასი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის არიან უცხოელი სტუდენტებიც.
2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ ქვეყნის განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს მისცა სწავლების ფორმის არჩევის თავისუფლება – ონლაინ რეჟიმში, ჰიბრიდული თუ დასწრებული ფორმით.