თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გაოცებულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლით საკანონმდებლო ორგანოში.
ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში მთავრობის მიერ გაწეული ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშით ოპოზიციასთან კამათით დაიწყო. დარბაზში ხმაური ატყდა, როგორც კი პრემიერმა ახსენა ევროკომისიის დასკვნა, რომელმაც უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კი გარკვეული პირობების შესრულება ურჩია.
პრემიერს სიტყვას პერიოდულად აწყვეტინებდა ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილო შეძახილები. მათ პრემიერი ტყუილში დაადანაშაულეს.
„მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისგან, რაც პარლამენტში მოვისმინე. რაც დღეს დავინახეთ, ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც საზოგადოებამ აჩვენა, საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
პრეზიდენტის სიტყვებით, პრემიერის გამოსვლა შეიცავდა ნეგატიურ გზავნილებს ბრიუსელისთვის. ღარიბაშვილმა გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო, საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„აბსურდი და შეურაცხმყოფელი იყო თავისი შინაარსით. შენ როცა ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სულ მცირე, მოგეთხოვება ორი რამ: ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც მოეთხოვება ნებისმიერ ხელისუფლებას და, მეორე, რომ შენ გაიგო, შენგან რას ელოდებიან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის სიტყვებით, დღეს ის შეხვდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის არასამთავრობო სექტორის პლატფორმის წარმომადგენლებს.
„მათთან ერთად შევთანხმდით, რომ ახლა დავსახავთ, როგორი უნდა იყოს პროცესი და ამ პროცესში როგორი უნდა იყოს მათი, ჩემი ჩართულობა, რომ ჩვენ ამ პროცესის ერთგვარი ხელმძღვანელები ვიყოთ, ყოველ შემთხვევაში, მონიტორები, რომ არ დავუშვათ კიდევ ერთხელ, ამ ექვს თვეში ხელიდან გაგვაშვებინონ უზარმაზარი შანსი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის სამიტზე 23-24 ივნისს მიიღებენ. ქვეყანა სტატუსს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო.
ევროკომისიამ საქართველოსთვის „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების რეკომენდაცია გასცა. მან წამოაყენა ასევე კონკრეტული პირობები – 12 პუნქტი, რომელთა შორისაა საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულება, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.