საქართველო იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

ასოცირების დღის წესრიგში დეტალურადაა გაწერილი, რა რეფორმები უნდა გაატაროს ქვეყანამ და რა ვადებში, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობის მაქსიმალური მობილიზაციაა გამოცხადებული.
ევროკომისიამ 17 ივნისს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს „ევროპული პერსპექტივა" გაუხსნას, უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.

„ჩვენი მთავრობა, პარლამენტთან ერთად, მოტივირებული ვართ, რომ გავაგრძელოთ ყველა რეფორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვისაა საჭირო. რეფორმების დიდი ნაწილი ისედაც იყო ჩადებული ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ შევათანხმეთ ბრიუსელთან. ეს კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, რატომ იყო საჭირო ამ დათქმების ჩაწერა და სტატუსის შემდეგ მონიჭება. ეს ბევრ კითხვას აჩენს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა გამოვიჩინოთ სიბრძნე. გვჭირდება სიმშვიდე. პროცესი უნდა ვმართოთ მშვიდად, მტკიცედ და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთანავე მან დასძინა, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მთავრობას კითხვები დარჩა.
„არავის არ მოგვწონს და ჩვენ გვინდა მართლაც ამ პოლარიზაციის დასრულება, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ადამიანების პირობებში, მართლა ვერ წარმომიდგენია. როგორ წარმოგიდგენიათ, გამოვედი... საუბარი დავიწყე იმით, რომ ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა პირველად, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ქვეყანას. ამაზე დაიწყეს შეურაცხყოფები, ლანძღვა და ა.შ.“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი საკითხები პრობლემური იქნება, ისევე, როგორც მის მიერ დასახელებულ „ოლიგარქებთან“ დაკავშირებული საკითხი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ოლიგარქები არიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის სამიტზე 23-24 ივნისს მიიღებენ. ქვეყანა სტატუსს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო.