თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ავღანეთის ისლამური საამიროს ემირმა და „თალიბანის“ მეთაურმა ჰაიბათულა ახუნდზადამ საერთაშორისო სტრუქტურებს დახმარება სთხოვა მიწისძვრასთან დაკავშირებით, იუწყება Al Jazeera.
ახუნდზადამ საერთაშორისო საზოგადოებას, საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს „ავღანეთის მოსახლეობის დახმარება სთხოვა ტრაგედიასთან დაკავშირებით“.
„ავღანეთის მთავრობამ მიწისძვრასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გამართა. ხელისუფლებამ ყველა პასუხისმგებელ რგოლს დაავალა, სასწრაფო დახმარების ბრიგადები გაგზავნონ ადგილებზე. გარდა ამისა, მიღებულია ზომები დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარებისთვის და დაშავებულების სამკურნალოდ“, — აღნიშნა „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა.
ამასთან კომპენსაციის რაოდენობა და სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.
ღამით მომხდარ 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, ამ დროის მონაცემებით, 950 კაცი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 610-ს მიაღწია.