მსოფლიო დღეს

ინციდენტი სპარსეთის ყურეში: ამერიკულმა სამხედრო გემმა გამაფრთხილებელი რაკეტა გაუშვა

Sputnik
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამი სამხედრო კატარღა სპარსეთის ყურეში აშშ-ის საზღვაო ძალების ორ გემს მაღალი სიჩქარით საშიშ მანძილზე მიუახლოვდა, იტყობინება გაზეთი Washington Post წყაროებზე დაყრდნობით.
აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო გემი USS Sirocco და ჩქაროსნული სამხედრო სატრანსპორტო გემი USNS Choctaw County სპარსეთის ყურის საერთაშორისო წყლებს გადიოდნენ, როდესაც სამი ირანული კატარღა Sirocco-ს 45 მეტრზე მიუახლოვდა. მოძრაობის ტრაექტორია მათ მხოლოდ მას შემდეგ შეცვალეს, რაც ამერიკულმა გემმა ხმოვანი გაფრთხილება მისცა და სასიგნალო რაკეტა გაისროლა.
როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა ჯოზეფ ბუჩინომ თქვა, ირანული მხარის მოქმედება „არ შეესაბამება ზღვაზე პროფესიული ან უსაფრთხო ქცევის საერთაშორისო სტანდარტებს“ და ამას სამხედრო შეტაკების გამოწვევა შეეძლო.
მანამდე მსგავსი ინციდენტი სპარსეთის ყურის საერთაშორისო წყლებში აპრილის დასაწყისში მოხდა, როდესაც სამი ირანული სამხედრო გემი აშშ-ის სანაპირო დაცვის ორ ხომალდს მიუახლოვდა. მაშინ ამერიკულმა გემებმა გამაფრთხილებელი ცეცხლიც კი გაუხსნეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხომალდებს.
წყარო: Washington Post