კურორტ ურეკის ბულვარი მთლიანად გარემონტდა

პროექტი საქართველოს მთავრობამ დააფინანსა და მისი ღირებულება 3,1 მილიონი ლარია.
Sputnik
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტ ურეკის ბულვარი და ცენტრალური ქუჩები მთლიანად გარემონტდა, სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
სამუშაოების დროს გარემონტდა ბულვარის ცენტრალური შესასვლელი, საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები, გარე განათება, ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე მთავარი მოედანი და ე.წ. პატარა მოედანი, გარე კაფეებისა და კომერციული ობიექტების სივრცე, ასევე მოხდა ძველი საზოგადოებრივი საპირფარეშოების სრული დემონტაჟი, მათ ნაცვლად კი ახალი მოეწყო.
ურეკი
ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა თაყაიშვილის ქუჩასა და ბულვართან დამაკავშირებელ გასასვლელებს, კეთილმოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები.
პროექტი საქართველოს მთავრობამ დააფინანსა და მისი ღირებულება 3,1 მილიონი ლარია.
ურეკის განახლებული ბულვარი
განახლებული ბულვარი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა დაათვალიერა.
ურეკის განახლებული ბულვარი
„გურიის სანაპირო მზადაა ტურისტების მისაღებად კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოში“, – განაცხადა შუხოშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გურიის სანაპირო ზოლის ყოველდღიურ მოვლა-პატრონობას ახორციელებს, რისთვისაც მათ შესაბამისი ტექნიკა, მათ შორის პლაჟის დასალაგებელი მანქანა Beach Tech შეიძინეს.
ურეკის განახლებული ბულვარი
სანაპირო ზოლის დასუფთავებზე ამჟამად 180-მდე ადგილობრივი მცხოვრები ზრუნავს.
ურეკი ფოთიდან სამხრეთით 10 კილომეტრში მდებარეობს. ურეკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზღვისპირა კურორტია საქართველოში. ის ცნობილია თავისი მაგნიტური ქვიშის სანაპიროთი.