საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირის ბოლოს დაიხურება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს 22 ივნისს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.
Sputnik
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. მიმდინარე კვირა პარლამენტის პლენარული სესიების ბოლო კვირაა და ამ კვირაში საგაზაფხულო სესიას დავხურავთ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სამშაბათის სხდომა, როგორც ყოველთვის, პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. ასევე ხვალ იქნება თავისუფალი ტრიბუნით სარგებლობის შესაძლებლობა.

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე 22 ივნისს წარდგება. პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, 24 ივნისს დაიხურება“, – განუცხადა სპიკერმა ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ სესიის დახურვამდე დაჩქარებული წესით სამი პროექტის განხილვა მოხდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები გვაქვს, დიდი ალბათობით, ხუთშაბათს მოგვიწევს ამ საკითხებზე მსჯელობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საგაზაფხულო სესია უნდა დაიხუროს პარასკევს, თუმცა ის შეიძლება დაიხუროს როგორც პლენარული სხდომით, ისე ბიუროს სხდომით, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.