ოპოზიციური მედია საქართველოს რუსი ახალგაზრდების კავშირის ტრენინგის ჩაშლას ცდილობდა

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტრენინგს რუსეთის მოქალაქეები ესწრებოდნენ, სიცრუეა, განაცხადა კავშირის თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. რამდენიმე ქართულმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ ორშაბათს თბილისში „ახალგაზრდა სამართალმცოდნეების“ სასწავლო პროგრამის ჩაშლა სცადა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორმა, „რუსი ახალგაზრდების კავშირის“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ბეჟენცევმა.

„ეს იყო დაგეგმილი სტანდარტული ღონისძიება, რომელიც ტარდება 20-22 ივნისს. აქ არანაირი პოლიტიკა არ არის, აბსოლუტურად აპოლიტიკური ტრენინგია. დღეს არ მოგვცეს საშუალება, ნორმალური გახსნა ჩაგვეტარებინა", – განაცხადა ბეჟენცევმა.

მისი თქმით, ღონისძიებას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ესწრებოდნენ, ხოლო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტრენინგს რუსეთის მოქალაქეები ესწრებოდნენ, სიცრუეა.
„ჩვენ არ გვაფინანსებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ გვაფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოეთში მცხოვრები რუსი თანამემამულეების მხარდაჭერისა და დაცვის ფონდი“. ტრენინგს ესწრებოდნენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები მთელი საქართველოდან. აქ რუსეთის მოქალაქეები არ ყოფილან“, – განაცხადა ბეჟენცევმა.
მისი თქმით, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავი ტრენინგის მონაწილედ წარადგინა და ნებართვის გარეშე დაიწყო მისი ტელეფონზე გადაღება. მან განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოხატა ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორის გულბაათ რცხილაძის შემეცნებითი ლექციის დროს, რომელიც მეორე მსოფლიო ომს ეხებოდა.
„ჩვენი ღონისძიება არ არის მედიისთვის. ეს მხოლოდ ტრენინგია. იყო შემეცნებითი ლექცია, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ დამატებითი განათლება. ყველაფერი, რაც ითქვა ლექციაზე, სიმართლეა, დაფუძნებულია საერთაშორისო დოკუმენტებზე", – განაცხადა ბეჟენცევმა.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ღონისძიება აუცილებლად გაგრძელდება, შესაძლოა, მათ მოუწიოთ ლოკაციის შეცვლა.
„რა მოხდებოდა, ბრბოს რომ არასწორად გაეგო ის, რასაც მედია აშუქებს? პროვოკაცია რომ დაწყებულიყო და ჩვენთან შემოჭრილიყვნენ? ამაზე ვინ აგებდა პასუხს?“ – ხაზგასმით აღნიშნა ბეჟენცევმა.
როგორც ორგანიზატორმა განაცხადა, უკვე რამდენიმე საათი გავიდა მას შემდეგ, რაც პროექტის ახალგაზრდა მონაწილეებმა ადგილი დატოვეს, ჟურნალისტები კი იქ ისევ მორიგეობენ.