თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. „ბორჯომის“ ქარხნების თანამშრომელთა აქცია დასრულდა – ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, იუწყება ტელეარხი „რუსთავი2“.
„ბორჯომის" თანამშრომლებმა უვადო გაფიცვა 31 მაისს გამოაცხადეს. აქციის მონაწილეები ორთვიანი სახელფასო დავალიანების გადახდას, უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას და გათავისუფლებული 50-მდე თანამშრომლის უპირობოდ აღდგენას მოითხოვდნენ.
„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ორმხრივ დათმობებზე წავიდნენ. კომპანიის ხელმძღვანელობამ მხოლოდ ორი თანამშრომლის აღდგენაზე განაცხადა უარი, თუმცა ორივე მათგანი რჩება პროფკავშირის წარმომადგენლად, ხოლო პროფკავშირს ოფისი ქარხნის ტერიტორიაზე ექნება.
რაც შეეხება სახელფასო დავალიანებას, თანამშრომლებს აპრილის თვის დავალიანება სამშაბათს აუნაზღაურდებათ. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დანარჩენი მოთხოვნებიც ეტაპობრივად შესრულდება.
ამასთან, გაფიცული თანამშრომლები სასამართლოდან სარჩელს მას შემდეგ გამოიხმობენ, როგორც კი დოკუმენტურად გაფორმდება მათი შეთანხმება. ქარხნის თანამშრომლებმა პროფკავშირთან ერთად სარჩელი ახალციხის სასამართლოში შეიტანეს, მათ 50-მდე გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა მოითხოვეს.
იმის შესახებ, რომ ხელისუფლებასა და კომპანია IDS Borjomi Georgia-ს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, წინა ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. შეთანხმების მიხედვით, ქვეყნის მთავრობა კომპანიის თანამფლობელი გახდება, ხოლო ქარხნების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გადაიჭრება. ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქე, „ბორჯომის“ ქარხნების ყველა თანამშრომელი სამართლიანობას მიაღწევს.
ფინანსური პრობლემების ფონზე 19 მაისს კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას. აღინიშნა, რომ თუ მთავრობა დათანხმდებოდა წინადადებას, ქარხნებში მინერალური წყლის წარმოება სრულად განახლდებოდა.
IDS Borjomi Georgia-ს სანქციები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დაუწესდა.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
13 ივნისს კომპანია IDS BORJOMI International-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც „ბორჯომის“ ქარხნების მფლობელი კომპანია 7,73%-იან წილს საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცემს.
გარიგების შემდეგ IDS Borjomi International-ის აქციონერთა სია ასე გამოიყურება:
Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი) - 49,99%
Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38,48%
საქართველოს სახელმწიფო - 7,73%
„ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3,79%