მსოფლიო დღეს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

პარლამენტის ქვედა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად იბრძოლებენ საპრეზიდენტო კოალიცია „ერთად“ და მემარცხენე ძალების კოალიცია „ახალი სახალხო ეკოლოგიური და სოციალური კავშირი“
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საფრანგეთში კვირას ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) არჩევნების მეორე ტური იმართება.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ეროვნული ასამბლეის ახალ შემადგენლობაში დეპუტატების მანდატები საბოლოოდ უნდა გადანაწილდეს. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატა ითვლის 577 დეპუტატს და ირჩევა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში როგორც ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში, ისე მის ზღვისიქითა დეპარტამენტებში.
დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად პოლიტიკოსს თავის ოლქში ხმების ნახევარზე მეტი სჭირდება. ძალიან ცოტა კანდიდატმა ეს მოახერხა პირველ ტურში, რომელიც 12 ივნისს გაიმართა. ოლქების უმრავლესობაში მეორე ტური იმართება, რომელშიც პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატები გავიდნენ.
ბურბონის სასახლეში - ეროვნული კრების რეზიდენციაში - ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს შეებრძოლება 1148 კანდიდატი: 655 მამაკაცი და 493 ქალი.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ძირითადი ბრძოლა წარიმართება ორ ძალას შორის. ესაა საპრეზიდენტო კოალიცია „ერთად!" (Ensemble!), რომელიც აერთიანებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ დაარსებულ პარტიას „აღორძინება“ (ადრე ეწოდებოდა „წინ, რესპუბლიკა!“) და მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ეკოლოგიური და სოციალური კავშირი“ (Nupes), რომელშიც შედის ჟან-ლუკ მელანშონის „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“, „სოციალისტური პარტია“, „კომუნისტური პარტია“ და „ევროპა-ეკოლოგია-მწვანეები“.
12 ივნისს გამართული პირველი ტურის შედეგებით, საპრეზიდენტო კოალიციამ „ერთად!“ მოიპოვა ამომრჩეველთა ხმების 25,71%, ხოლო მელანშონის მემარცხენე კოალიციამ - 25,61%.
ქვეყნის დიდ ქალაქებში საარჩევნო უბნები 21:00 საათამდე იმუშავებენ, ხმების დათვლის პროცედურა მეგაპოლისებში კენჭისყრის დამთავრებისთანავე დაიწყება.