თბილისი, 19 ივნისი– Sputnik. რუსთავში დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც ქალაქის შემოსასვლელის სრულ რეაბილიტაციას და სამი მოედნის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ნათქვამია ქალაქის მერიის ვებგვერდზე.
პროექტის ღირებულება 4,6 მლნ ლარია, სამუშაოები უკვე დაწყებულია და 2023 წლის იანვარში უნდა დასრულდეს, აღნიშნავენ მერიაში.
ქალაქის შემოსასვლელში, 70 ათასი კვ მ ფართობზე, მწვანე სივრცე, გარე განათების ქსელი და ტექნიკური წყლის სარწყავი სისტემა მოეწყობა. დაირგვება 1680-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ტერიტორიაზე განთავსდება ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერა- „რუსთავი“.
რეკონსტრუქცია ჩაუტარდება თამარ მეფის, ჟიული შარტავასა და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნებს. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა გაბიონები, უსაფრთხოების კუნძულები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, სანიაღვრე ქსელი და რეკრეაციული სივრცე.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან, ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა და პროექტის დეტალები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად განიხილა.
მერიის ინფორმაციით, პროექტი უნიკალურია იმ მხრივაც, რომ სარწყავი სისტემის მომარაგება მდინარე მტკვრიდან რუსთავში პირველად მოხდება.
ვიზუალურის გარდა, პროექტს სატრანსპორტო დატვირთვაც აქვს.
„ავტომობილების რაოდენობის ზრდამ აუცილებელი გახადა ე.წ. უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა, პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრალური სატრანსპორტო კვანძები უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე მძღოლებისთვის“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს წევრმა ზურაბ ტაბაღუამ.
წყარო - რუსთავის მერია