თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საბერძნეთიდან ბულგარეთში დაიწყო აზერბაიჯანული გაზის სატესტო მიწოდება ინტერკონტინენტური მილსადენით Interconnector Greece – Bulgaria (IGB).
გაზი მიეწოდება მილსადენით კომოტინი - სტარა ზაგორა, სატესტო მიწოდება ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. სავარაუდოდ, 2022 წლის 1 ივლისიდან ბულგარეთში დაიწყება შეთანხმებული მოცულობის - 1 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდება.
კომოტინის მილსადენი და ალექსანდრუპოლისთან მდებარე ტერმინალი ბულგარეთს და რეგიონის ქვეყნებს მისცემს საშუალებას, მიიღონ გაზი „სამხრეთის გაზის დერეფნით“, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
2022 წლის მარტის ბოლოს IGB შეუერთდა ტრანსადრიატიკულ გაზსადენს (TAP), რათა ევროკავშირში აზერბაიჯანის გაზის პირდაპირი მიწოდებები განხორციელდეს. გაზსადენის მშენებლობა 2019 წლის 22 მაისს დაიწყო.
3 მლრდ კუბური მეტრის სიმძლავრისა და 240 მლრდ ევროს ღირებულების IGB-ს გაშვება 2021 წლის ივლისში იგეგმებოდა, მაგრამ პანდემიის გამო თარიღმა გადაიწია 2021 წლის ბოლოსთვის, შემდეგ კი 2022 წლის ზაფხულისთვის.
2020 წლის 31 დეკემბერს აზერბაიჯანმა ევროპისთვის გაზის პირდაპირი მიწოდება დაიწყო. ეს შესაძლებელი გახდა ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) გაშვების შემდეგ 2020 წლის ოქტომბერში. გაზის პირველი პარტია მიეწოდა საბერძნეთსა და ბულგარეთს, ასევე იტალიას. მაგისტრალის მფლობელია საერთაშორისო კომპანიების TAP AG-ის კონსორციუმი. 4,5 მილიარდი ევროს ღირებულების TAP-ის პროექტში მონაწილეობენ: აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR (20%), ბრიტანული BP (20%), ევროპული გაზსატრანსპორტო კომპანია Snam (20%), ბელგიური გაზსატრანსპორტო Fluxys (19%), ესპანური გამსაღებელი კომპანია Enagas (16%) და შვეიცარიული ენერგოკომპანია Axpo (5%).
TAP ყველაზე მეტ სარგებელს ბულგარეთს აძლევს - გაზსადენი საერთო მოთხოვნის 33%-ს ფარავს, დანარჩენი კი ქვეყანამ რუსეთისა და ევროპიდან უნდა მიიღოს.
TAP წარმოადგენს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის 34,5 მილიარდ ევროს ღირებულების დასკვნით ხაზს, როგორც ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გაგრძელებას. TANAP-ის გაზსადენი გადაჭიმულია აზერბაიჯანიდან საბერძნეთის საზღვრამდე საქართველოსა და თურქეთის გავლით. ამ გაზსადენით გაზის ნაწილი ევროპაში თურქეთის გავლით 2018 წლის ზაფხულიდან მიეწოდებოდა.
მომდევნო 25 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი ყოველწლიურად პირდაპირ მიაწვდის ევროპას 10 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს. აქედან ყოველწლიურად 8 მილიარდ კუბურ მეტრს - იტალიას, ხოლო 2 მილიარდს - საბერძნეთსა და ბულგარეთს თანაბრად.
წყარო - Sputnik-აზერბაიჯანი.