თბილისი,18 ივნისი – Sputnik. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე დაიღუპა. ინფორმაციას „პირველი არხი“ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დაწყებულია შესაბამისი პროცედურები.
გარდაცვლილი 42 წლის ალუდა ზვიადაურია. ის ლისიჩანსკთან ბრძოლაში დაიღუპა.
„უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. დაწყებულია შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
არსებული ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მოქმედებებში უკვე 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
წყარო - „პირველი არხი“