აზრი ორად გაიყო: საქართველოში კვლავ ვადამდელ არჩევნებზე ალაპარაკნენ

მმართველ პარტიაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა საკანონმდებლო დასაბუთების არარსებობის გამო გამორიცხეს.
Sputnik
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოში ოპოზიციური პარტიების ნაწილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დაუყონებლივ ჩატარებას ეწინააღმდეგება.
ვადამდელი არჩევნების თემა საქართველოში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საქართველომ ევროკომისიისგან არ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. აღნიშნული საკითხი 23-24 ივნისს სამიტზე უნდა განიხილონ. არჩევნების ჩატარებას ყოფილი მმართველი ძალის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილი ემხრობა.
„მივმართავ ენმ-ის ლიდერებს! აუხსენით თქვენს იმ აქტივისტებს, ვინც საჯაროდ მოითხოვს დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე 30 მაჟორიტარული ოლქით ჩატარდება არჩევნები. 120/30 სისტემა კი ხელისუფლებისთვის უზარმაზარი ფორაა“, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.
ანალოგიური შეხედულება აქვთ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებსაც.
„არანაირი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს, თუ არ იქნება მიღებული სრულიად პროპორციული არჩევნები კონსტიტუციაში“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
იმავდროულად, მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა საკანონმდებლო დასაბუთების არარსებობის გამო გამორიცხეს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის დათხოვნა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარდგინების შემთხვევაში ან მოქმედი მთავრობის გადადგომისა და მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირების შემდეგ.