თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დღიდან ქართველ მესაზღვრეებს არ დაუფიქსირებიათ რუსეთში სანქცირებული პროდუქციის გადაზიდვის არცერთი ფაქტი, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღებაზე, თუმცა საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს.
„მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესებიდან სამ თვეზე მეტია გასული, საბაჟოს მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ რიგი ქართული მედიასაშუალებების მიერ შეგნებულად ხდება სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სამაგალითოა სანქციების დაცვის მიმართულებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყებამ კიდევ ერთხელ გაიმეორა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურმა სანქციების შესაძლო დარღვევის ეჭვით 90-ზე მეტი ოპერაცია შეაჩერა.
„ეს ადასტურებს სწორედ იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები მკაცრად კონტროლდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. ამის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.