თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სანდრო ბაზაძე თურქეთში, ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ბაზაძემ ფინალში იტალიელი მოფარიკავე ლუკა კურატოლი 15:11 დაამარცხა და კონტინენტის პირველობის ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერს აქამდე ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ სამი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოგებული, ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი კი დღეს მან კარიერაში პირველად მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ 1/4 ფინალში რუმინელი რაზვან ურსაჩი 15:8 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა. ტურნირის 1/2 ფინალში ფრანგ მოფარიკავე ელიოტ ბიბის სძლია, ხოლო მანამდე ბაზაძემ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ ზილაგი დამაჯერებლად 15:7 დაამარცხა.
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზეა. რეიტინგში სანდრო ბაზაძეს 186 ქულა აქვს და მხოლოდ სამხრეთ კორეელ მოფარიკავეებს სანგუკ ოჰსა (192) და იუნგჰვან კიმს (189) ჩამორჩება.