თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. ოპოზიციამ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ბრალი დასდო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების გამო და საპროტესტო აქციებით დაემუქრა.
ევროკომისიის დასკვნა პარასკევს ბრიფინგზე ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა. ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვიტა, ჯერჯერობით თავი შეიკავოს, დაუბრუნდეს საკითხს და ნახოს, რამდენად დააკმაყოფილებს ის პირობებს.
„ქართველი ხალხის ნება არის ურყევი. თუ გრძნობ ამ ყველაფერს, გამოხვალ 20-ში, სიმრავლით გავაპროტესტებთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას, იმოქმედოს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.
აქცია–მსვლელობის გამართვას სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ 20 ივნისს მოძრაობა „სირცხვილია“ გეგმავს. შეკრებილები აპირებენ აჩვენონ ევროპას, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული არჩევანია.
პროტესტისთვის მზადაა ასევე პარტია „ლელო საქართველოსთვის“.
„საბოლოო დასკვნას დაველოდებით, მაგრამ თუ ეს შედეგი დარჩა, ასე ვთქვათ, ეს არის პირდაპირი საბაბი, რომ ჩვენ ხელისუფლება უნდა გავუშვათ მშვიდობიანად. საქართველოში აუცილებლად უნდა დაინიშნოს რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია გამოსავალს ხედავს არა მხოლოდ საპროტესტო აქციებში, არამედ სანქციებშიც.
„ახლა არჩევანი არის ჩვენზე. „ოცნებამ“ ვერ მოახერხა, რომ ბოლომდე ქართველი ხალხისთვის დაეკეტათ კარი... გარედან სანქციები, შიგნიდან მშვიდობიანი პროტესტი – ეს არის ჩვენი დღის წესრიგი“, – განაცხადა ხოშტარიამ.
ანალოგიური აზრი აქვს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს.
„დღეს ყველაზე უკმაყოფილო ამ გადაწყვეტილებით არის „ქართული ოცნება“. ისინი ლამობდნენ, რომ ჩვენ ბოლომდე უარი მიგვეღო, ამას ვერ მიაღწიეს, ეს გზავნილია ევროპის მხრიდან ქართველი ხალხისთვის, გამოვფხიზლდეთ, მეგობრებო, გადავწყვიტოთ რა გვინდა ჩვენ“, – განაცხადა ვაშაძემ.
მმართველ პარტიაში ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და მიღწევა უწოდეს.