COVID-19 - ბოლო ცნობები

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენების ვალდებულება უქმდება

საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქება მარტის ბოლოდან დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. 20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
აღნიშნული გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით საქართველოს მთავრობამ მიიღო.

„პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქება მარტის ბოლოდან დაიწყო. გაუქმდა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, სტუმრების რაოდენობაზე მოქმედი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე.
ამ დრომდე პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყო.
ქვეყანამ კორონავირუსის ექვსი ტალღა გადაიარა. გასული წლის დეკემბერში საქართველოში ახალი „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელმაც პიკს იანვარი–თებერვალში მეექვსე ტალღის დროს მიაღწია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1,6 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.