თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმის მოსმენა 27 ივნისისთვის გადადო. სხდომა უნდა ჩატარებულიყო კლინიკაში, სადაც სახელმწიფოს ყოფილი მეთაური ექიმების რეკომენდაციით მკურნალობს.
ჩახნაშვილმა ხუთშაბათს კლინიკა „ვივამედში“ გასვლითი სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება პროკურორების შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. მაგრამ საავადმყოფოში მისვლისას ექიმებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილი პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
„სხდომაზე გამოიკითხნენ მკურნალი ექიმები. მათ სასამართლოს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მკურნალმა ექიმმა დაადასტურა, რომ არავითარი ტრანსპორტირების ხაზგასმა არ ყოფილა, ის გულისხმობდა, რომ ჩვენების მიცემა და პროცესში მონაწილეობის მიღება მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
ადვოკატის თქმით, ის, რომ ექს-პრეზიდენტს ჩვენების მიცემა არ შეუძლია, მათ შორის მედიკამენტოზური მკურნალობის გამო, კლინიკის ნევროლოგმაც დაადასტურა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის არსებითი განხილვა გასული წლის 22 დეკემბრიდან მიმდინარეობს. სასამართლო სხდომა ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენჯერმე გადაიდო. ამჟამად სააკაშვილი თბილისის კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალი 20 ოქტომბერს წაუყენეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე. გამოძიების ვერსიით, ის ქვეყანაში 29 სექტემბერს არალეგალურად შემოვიდა ბორნით, რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც უკრაინიდან მოდიოდა.
სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მოგვიანებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ამ საქმეზე კიდევ ოთხი პირი დააკავეს – ზურაბ და შალვა წოწორიები, გიორგი ნარიმანიძე და ელგუჯა ცომაია. მათი საქმე ცალკე იხილება.
აღნიშნული ბრალდებით ექს-პრეზიდენტს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
ამჟამად ის სასჯელს იხდის სისხლის სამართლის ორ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების საქმეებზე.