გამოიწვევს თუ არა მაიმუნის ყვავილი პანდემიას? ინფექციონისტის განმარტება

ქართველი ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის გამოვლენილი 1600 შემთხვევიდან არცერთი სიკვდილით არ დასრულებულა და ყველა შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობდა.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. კორონავირუსთან შედარებით, მაიმუნის ყვავილი რთულად ვრცელდება და მას ფართომასშტაბიანი პანდემიის გამოწვევა არ შეუძლია, განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
15 ივნისს საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.

„საქართველოში დადასტურებულ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა არ იყო მძიმე და პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დაავადებას პანდემიის გამოწვევის უნარი არ აქვს. ჩვენს ქვეყანაშიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისეთი პრობლემა შექმნას, როგორც ეს კორონავირუსის დროს იყო“, – განაცხადა გოგინავამ.

ქართველი ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის გამოვლენილი 1600 შემთხვევიდან არცერთი სიკვდილით არ დასრულებულა და ყველა შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობდა. ამიტომ ჯერჯერობით ვაქცინაციაზე, მით უმეტეს, ე.წ. მასობრივ ვაქცინაციაზე საუბარი არ არის.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ვაქცინის მარაგი არსებობს – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) აქვს ვაქცინის დაახლოებით 40 მილიონი დოზა.
ამ დროისათვის ჯანმოს მსოფლიოს 39 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 1600-ზე მეტი დადასტურებული და დაახლოებით 1500 საეჭვო შემთხვევა აქვს დარეგისტრირებული.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ასევე ვრცელდება ადამიანებს შორის. როგორც წესი, ეს დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და რამდენიმე კვირაში სიმპტომები ქრება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში გართულებებიც ფიქსირდება.