„ეს თავისუფალი ადამიანების შეკრებაა“ - საქართველოს პრეზიდენტმა აქციაზე კომენტარი გააკეთა

პრეზიდენტმა სინანულით აღნიშნა, რომ დღევანდელ აქციაზე საქართველომ ვერ აჩვენა, რამდენად ძლიერად სურს ევროპისკენ სიარული.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ ინიცირებულ აქციას უწოდა თავისუფალი ადამიანების შეკრება, რომლებიც „ევროპისკენ მიდიან“.
პრეზიდენტს სურდა, რომ დღეს ევროპის მოედანზე შეკრებილიყვნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რათა გამოეხატათ საზოგადოების ერთიანობა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი.
აქცია მცირერიცხოვანი გამოდგა მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს რამდენიმე პარტიის ლიდერმა დაადასტურა, რომ წავიდოდა აქციაზე. მთავარმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა – მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ და ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი განაცხადეს აქციაში მონაწილეობის მიღებაზე.

„დღეს მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად, ეს არის ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეულები ხართ, ანუ რაღაც პარტიული შეხვედრები. აქ არიან მოქალაქეები, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დღეს გამოეხატა – ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი და პერსპექტივა არის მხოლოდ ევროპაში“, – განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

მან სინანულით აღნიშნა, რომ „ახლა დიდად ვერ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ევროპისკენ მივდივართ“.
პრეზიდენტმა აქციის გამართვა გადაწყვიტა ერთი დღით ადრე ევროკომისიის დასკვნამდე საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება გადამწყვეტი ევროკავშირის სამიტზე (23-24 ივნისი), სადაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელებენ.
ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად საქართველოში პოლიტიკური ვნებათაღელვა სულ უფრო მწვავდება. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს, პრეზიდენტი კი, რომელსაც საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში შეზღუდული უფლებამოსილება აქვს, ორივე მხარეს. ყველა ერთმანეთს ადანაშაულებს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლაში.