ეროვნული ბანკი: სანქცირებული პირების მიერ საბანკო სისტემის გამოყენება გამორიცხულია

საქართველოს ფინანსური სექტორი გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილია და საერთაშორისო ნორმებს ვერ დაარღვევს.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამორიცხა საქართველოს საბანკო სისტემის გამოყენებით საერთაშორისო ფინანსური სანქციების გვერდის ავლა.

„ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს“, – ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის განმარტებით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში უწყება უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და, ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.
სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკისგან რუსეთის ჯარების უკრაინაში შეყვანის მეორე დღესვე მიიღეს.
„საფინანსო სექტორის მარეგულირებელი იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა აღნიშნა საქართველოს მხრიდან სანქციების დაცვის ფაქტი. უფრო მეტიც, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაღალი შეფასება მიიღო.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის "სპეცოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის" და უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ შედის რუსეთის ფედერაციის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.