„ბორჯომის“ ქარხნების თანამშრომლების გაფიცვა: პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო

„ბორჯომის“ ქარხნების მენეჯმენტი დათმობებზე წავა და მუშების მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდება, განაცხადა ბარნაბიშვილმა
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. შრომის ინსპექცია შეამოწმებს, რის საფუძველზე მოხდა „ბორჯომის“ მინერალური წყლების ქარხნებში თანამშრომლების გათავისუფლება და სახელმწიფო არ დაუშვებს თანამშრომლების დაჩაგვრას, განაცხადა საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.
ხუთშაბათს დღის განმავლობაში ბარნაბიშვილი შეხვდა ქარხნების თანამშრომლებს, რომლებიც მე-17 დღეა გაფიცული არიან. მათი მოთხოვნებია: ორი თვის ხელფასების დარიცხვა, გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის უპირობოდ დაბრუნება, უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადება.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესში ჩართულია შრომის ინსპექცია, რომელმაც უკვე დაიწყო მოკვლევა, თუ რის საფუძველზე იქნენ გათავისუფლებული თანამშრომლები“, - განაცხადა ბარნაბიშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ქარხნების ხელმძღვანელობა მზად არის დათმობებზე წავიდეს.
„ბორჯომის“ ქარხნის მენეჯმენტი გარკვეულ დათმობებზე წავა და მათი მოთხოვნების ნაწილი იქნება დაკმაყოფილებული. როგორც მაქვს ინფორმაცია, თავდაპირველად კომპანია 200-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებდა. მას შემდეგ, რაც მედიაციაში ჩაერთო მთავრობა, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. არც ერთი თანამშრომელი არ დაიჩაგრება და ყველა დაკმაყოფილდება“, - განაცხადა ბარნაბიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ შრომის ინსპექციის ჩართვის შედეგად თანამშრომლების ნაწილი სამსახურს დაუბრუნდება, ხოლო აქციის მონაწილეები რადიკალურ ზომებს არ მიმართავენ.
ხუთშაბათს დილით გაფიცულები ცენტრალური გზის გადაკეტვას გეგმავდნენ, თუმცა შეხვედრის გამო ეს აქცია გადაიდო.
13 ივნისს კომპანია IDS BORJOMI International-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც „ბორჯომის“ ქარხნების მფლობელი კომპანია 7,73%-იან წილს საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცემს.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული სერიოზული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. მათი ანგარიშები გაყინულია.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საქართველოს მთავრობასთან გარიგების შემდეგ IDS Borjomi International-ის აქციონერთა სია ასე გამოიყურება:
Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი) - 49,99%
Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38,48%
საქართველოს სახელმწიფო - 7,73%
„ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3,79%.