თალიბები სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმს ესწრებიან

Sputnik
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. „თალიბანის“ წარმომადგენლები — ავღანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფროსის მოადგილე მოჰამადიონას მოსეინი და ავღანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ჯამალ ნასირ გარვალი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს ესწრებიან, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის მცირერიცხოვანმა დელეგაციამ ფორუმის პავილიონები დაათვალიერა.
მოსალოდნელია, რომ ავღანეთის წარმომადგენლები რუს პარტნირებთან ხორბლის მიწოდების საკითხზე იმსჯელებენ.
თალიბების ფორუმზე დასწრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, მოსკოვის მიერ ავღანეთის ხელისუფლების აღიარებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის, ვინაიდან ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს.

„ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. პროგნოზების გაკეთებას აზრი არ აქვს. თუმცა იქ ბევრი ჰუმანიტარული პრობლემაა, რაც ბევრ ქვეყანას ავალდებულებს გარკვეული კონტაქტების დამყარებას", — განუცხადა მან ჟურნალისტებს შესაბამის შეკითხვაზე პასუხად.

მანამდე ავღანეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გარვალმა განაცხადა, რომ „თალიბანის“ მთავრობა განწყობილია – „განავითაროს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა“, მათ შორის, ნავთობისა და გაზის შესყიდვის კუთხით.