მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ერთი თვით გადაიდო

აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოებაში „პიჯაკების“ საქმე“ უწოდეს, სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 8,8 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო სახსრების პირადი საჭიროებების გამო გაფლანგვის საქმეზე სასამართლო სხდომა 11 ივლისისთვის გადაიდო.
სააკაშვილი დღეს გამართულ სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს.
პენიტენციურმა დაწესებულებამ და კლინიკა „ვიდამედმა“ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს წერილით მიმართეს, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილი მკურნალობის კურსს გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რის გამოც სხდომას ვერ დაესწრება.
როგორც ცნობილია, ბრალდებული სააკაშვილი მის გარეშე საქმის განხილვის გაგრძელების წინააღმდეგია. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლო სხდომა დაახლოებით ერთი თვით გადაიდო.

„კლინიკიდან მიღებული ცნობით დასტურდება, რომ ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იღებს სხდომაში მონაწილეობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გვთავაზობენ სხდომის ჩატარებას კლინიკა „ვივამედში“. მაგრამ მთავარია, რომ პრეზიდენტს აქვს არა კლინიკიდან სასამართლოში გადაყვანის, არამედ მონაწილეობის პრობლემა. არ აქვს მნიშვნელობა – სხდომა გაიმართება სასამართლო დარბაზში თუ პალატაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

პატიმარი სააკაშვილი 12 მაისიდან „ვივამედში“ მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ექს-პრეზიდენტის ოჯახი და მისი მხარდამჭერები სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გამგზავრებას მოითხოვენ.
საქმის დეტალები
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე განსასჯელთა სკამზეა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.