მაიმუნის ყვავილი საქართველოშია: ეპიდემიოლოგებმა ვირუსის გავრცელების რისკებზე ისაუბრეს

საქართველოში მაიმუნის ყვავილის გამო ქუჩაში პირბადის გამოყენების საჭიროება ჯერჯერობით არ დგას.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ქვეყანამ გააძლიერა კონტროლი გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.
სპეციალისტები ასევე აკონტროლებდნენ ყველას, ვისთანაც პაციენტს კონტაქტი ჰქონდა, მაგრამ კლინიკური ნიშნები არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, ამჟამად ქუჩაში ნიღბის გამოყენების საჭიროება მაიმუნის ყვავილის გამო ჯერჯერობით არ დგას.

„დაავადების გავრცელების რისკი არ არსებობს, რადგან სიმპტომების გამოვლენისთანავე მოხდა ამ ერთ საეჭვო შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა, მისი კონტაქტებიც ძალიან ვიწრო იყო და ზედამხედველობაც დაწესებულია. თვითონ ეს პირი სრულად იზოლირებული იყო სრულ გამოჯანმრთელებამდე“, – განაცხადა ზახაშვილმა.

ქართველი ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის გამოვლენილი 1600 შემთხვევიდან არცერთი სიკვდილით არ დასრულებულა და ყველა შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობდა. ამიტომ ჯერჯერობით ვაქცინაციაზე, მით უმეტეს, ე.წ. მასობრივ ვაქცინაციაზე საუბარი არ არის, აღნიშნა გამყრელიძემ.
როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ვაქცინის მარაგი არსებობს – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) აქვს ვაქცინის დაახლოებით 40 მილიონი დოზა.
ამ დროისათვის ჯანმოს მაიმუნის ყვავილის 1600-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და დაახლოებით 1500 საეჭვო შემთხვევა აქვს დარეგისტრირებული მსოფლიოს 39 ქვეყანაში.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ასევე ვრცელდება ადამიანებს შორის. როგორც წესი, ეს დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და რამდენიმე კვირაში სიმპტომები ქრება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში გართულებებიც ფიქსირდება.