თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) მუდმივად ახორციელებს კონტროლს, რათა ქვეყანა არ იყოს გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციებისგან თავის ასარიდებლად, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება საქართველოს და უცხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირების გამოსავლენად, რომელთა საქმიანობა შესაძლოა მიმართული იყოს ისეთი ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზებისკენ, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქე კერძო პირებს ან კომპანიებს, საქართველოს გამოყენებით თავი აარიდონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
საქართველოს ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაკისრებას არ აპირებენ.
კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.