თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა მოძებნონ გზები იმ შემოსავლების შესაზღუდად, რომელსაც რუსეთი ნავთობის გაყიდვიდან იღებს, განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადეიემომ.
მისი თქმით, რუსეთი ამჟამად მეტ მოგებასაც კი იღებს, ვინაიდან ნავთობის მცირე მოცულობებით გაყიდვის გამო მისი ფასი საგრძნობლად გაიზარდა.
„ჩვენ ვიცით, რომ დღეს რუსეთი იმაზე ნაკლებ ნავთობს ყიდის, ვიდრე უკრაინაში შეჭრამდე ყიდდა. მაგრამ ფასების ზრდის გამო მას შეუძლია მეტი მოგება მიიღოს. ამიტომ ჩვენი მიზანია შევამციროთ რუსეთის ნავთობშემოსავლების დონე, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შეუძლიათ განაგრძონ რუსული ნავთობის ყიდვა“, — განაცხადა ადეიემომ.
მისი თქმით, აღნიშნული ამოცანის შესრულების ერთ-ერთი გზა შესაძლოა ფასების ზღვრული ნორმის დაწესება იყოს, რაზეც აშშ სხვა ქვეყნებთან ერთად იმუშავებს და დასაშვები ფასების ერთიან დონეს დაადგენს.
მანამდე ფინეთის ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა CREA-მ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ პირველი 100 დღის განმავლობაში რუსეთმა ენერგომატარებლების ექსპორტიდან 93 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო.
წყარო: Reuters