თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. მოვუწოდებთ სტუდენტებს, დატოვონ რექტორატი და გადავიდნენ მოლაპარაკების ფორმატზე, აღნიშნულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ კვირაში უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი, რომელიც სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომას მოითხოვს, მის კაბინეტში შეიჭრა და დაიკავა ის. რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია გამოცდების დისტანციურად ჩაბარების მოთხოვნით. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც მათ დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ.
სტუდენტებს უკვე მეექვსე დღეა რექტორის კაბინეტი აქვთ დაკავებული. ისინი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას, რექტორის გადადგომას, ფინალური გამოცდების ონლაინ-რეჟიმში ჩატარებას ან დიდ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატებას მოითხოვენ.
როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციამ 14 ივნისს პროტესტის მონაწილე სტუდენტებს კიდევ ერთხელ შესთავაზა შეხვედრა და პროტესტის კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანა.
„უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გამართოს შეხვედრები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ყოველთვის მზად არის სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტთა ჯგუფიც გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საუნივერსიტეტო საზოგადოების საერთო ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
სტუდენტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება და ისინი აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება.
„სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში. ამ ეტაპზე როგორც თბილისის, ასევე რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია. გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას“, – აცხადებენ თსუ-ში.
მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტებს სესიის დისტანციურად ჩაბარების უფლებაზე უარი უთხრა, რადგან ეს მათი ცოდნის შეფასების უსამართლო ფორმად მიაჩნია.
მიუხედავად ამისა, უმაღლესმა სასწავლებელმა გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
დღეისათვის თსუ-ის 3,5 ათასზე მეტ სასწავლო კურსზე 24 ათასი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის არიან უცხოელი სტუდენტებიც.
2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ ქვეყნის განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს მისცა სწავლების ფორმის არჩევის თავისუფლება – ონლაინ რეჟიმში, ჰიბრიდული თუ დასწრებული ფორმით.