თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. მცხეთის საქალაქო სასამართლომ რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენი კონსტანტინე ნატროშვილი 20 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
მოსამართლე სოფიო ლეჟავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის 7 ივნისს ბრალდებულმა რესტორან „მარანი ჰოლში“ ყოფნისას სხვის სახელზე რეგისტრირებული AERO PRECISION X15-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან უკანონოდ რამდენჯერმე გაისროლა.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი იმავე დღეს ამოიღეს.
ბრალდებულს ბრალი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - ტელეკომპანია „ფორმულა“