„ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის აქციაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

აქცია ასეთ მნიშვნელოვან თემაზე უნდა იყოს კარგად გააზრებული, ამიტომ პარტია პრეზიდენტის ინიციატივაზე პასუხს დღეს ვერ გასცემს, განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ აქციაში მმართველი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ყველა ნიუანსის გათვალისწინებით იქნება მიღებული, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე რიგით მოქალაქეებს, ხუთშაბათს, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედანზე, რათა აჩვენონ ერთიანობა და ევროინტეგრაციის მისწრაფება. მან აქციაზე ასევე მიიწვია ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები.

„სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა, რადგან ჩვენ ვიცით ზოგადად, რომ აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ცოტა ხალხი რომ მივიდეს, არასწორი სურათი რომ შეიქმნას აქციაზე, ეს იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და მის შემდეგ მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აქცია ასეთ მნიშვნელოვან თემაზე უნდა იყოს კარგად გააზრებული, ამიტომ პარტია დღეს პრეზიდენტის ინიციატივაზე პასუხს ვერ გასცემს.
აქცია გაიმართება ერთი დღით ადრე ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება გადამწყვეტი ევროკავშირის სამიტზე (23-24 ივნისი), სადაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელებენ.