მსოფლიო დღეს

კიმის გადაწყვეტილების მოლოდინში: ფხენიანი მზადაა მასშტაბური ბირთვული აფეთქების მოსაწყობად

Sputnik
თბილისი, 14 ივნისი − Sputnik. ჩრდილოეთ კორეა სრულმასშტაბიანი ბირთვული გამოცდის ჩასატარებლად ემზადება, ქვეყნის ხელმძღვანელობამ უკვე დაასრულა მზადება შორეულ რაიონში ბირთვული აფეთქებისთვის, იუწყება საგენტო Yonhap News.
სააგენტოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ პროვინციაში უკვე დადგმულია ბირთვული აფეთქების მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობა და სამხედროები კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„ჩრდილოეთ კორეამ დაასრულა ბირთვული გამოცდის ჩასატარებლად ტექნიკური სამზადისი. თუ კიმ ჩენ ინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ბირთვული გამოცდა შეიძლება რამდენიმე დღეში ჩატარდეს“, − ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაკ ჯინმა. მისი თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული გამოცდის ჩატარებას გაბედავს, ეს მხოლოდ გააძლიერებს მის შეკავებასა და საერთაშორისო სანქციებს. შესაბამისად, ფხენიანმა „უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ყველაფერი ყურადღებით აწონ-დაწონოს“.
რაც შეეხება აშშ-ის პოზიციას, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი „უკიდურესი ყურადღებით აკვირდება ვითარებას“ და ამასთან მჭიდრო კავშირშია „უახლოეს მოკავშირეებთან“ − სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან, რათა „საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაქცია მოახდინონ“.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბოლო, რიგით მეექვსე ბირთვული გამოცდა ბოლოს 2017 წელს ჩაატარა − განსხვავებით ბალისტიკური რაკეტების გამოცდებისგან, რომელთა ტესტირება გამუდმებით მიმდინარეობს.
წყარო: Yonhap News