თბილისი, 14 ივნისი − Sputnik. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ასაკი ან გამძლეობა ვერ იქნება პრობლემა მისი ხელახლა არჩევისთვის, ის აპირებს მონაწილეობა მიიღოს მომავალ არჩევნებში, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარინ ჟან-პიერმა, იუწყება CNN.
მისი თქმით, პრეზიდენტის გამძლეობა ეჭვს არ იწვევს და ეს კითხვა არც უნდა დაისვას.
„იცით, მე ვერც კი ვეწევი მას. ჩვენ ახლახან დავბრუნდით ნიუ-მექსიკოდან, ახლახან დავბრუნდით კალიფორნიიდან... უბრალოდ შეხედეთ სამუშაოს, რომელსაც ის აკეთებს და ნახეთ, რას აკეთებს, როგორ მუშაობს ამერიკის საზოგადოებისთვის“, − განაცხადა ჟან-პიერმა.
ამით მან უარყო ბარაკ ობამას ყოფილი მთავარი სტრატეგის დევიდ აქსელროდის სიტყვები, რომ ბაიდენის ასაკი მისი ხელახლა არჩევისთვის „სერიოზული პარობლემაა“.
„შემიძლია გითხრათ, რაც პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს: ის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პრეზიდენტი აპირებს განზრახულის გაკეთებას“, − განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამჟამად 79 წლისაა.