COVID-19 - ბოლო ცნობები

ვის შეუძლია აიცრას კორონავირუსის ვაქცინის მეორე ბუსტერით: სიახლე ძალაში შევიდა

საქართველოში კოვიდ-ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის დასაშვები გახდა.
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე ბუსტერ-დოზით აცრას 50 წლის და უფროსი ასაკის ყველა მსურველი შეძლებს, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, ვაქცინის მეოთხე დოზა ამ ასაკობრივ ჯგუფში განსაკუთრებით რეკომენდებულია იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის და ხანგრძლივი მოვლის თავშესაფარში მცხოვრები პირებისთვის.
მეორე ბუსტერ-დოზის გაკეთება ასევე 12-49 წლის ასაკის იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს შეუძლიათ.

„ამასთან, 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში მეორე ბუსტერ-დოზა ტარდება ამცრელი დაწესებულებისთვის ექიმის მიმართვის წარდგენის საფუძველზე, ხოლო 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში – დაავადების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ჩამონათვალში შესულია ასევე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალი.
რაც შეეხება 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფს, ვაქცინის მეორე ბუსტერ-დოზის ჩატარება აქ დასაშვებია სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში, მიმღები ქვეყნის რეგულაციების შესაბამისად.

„მოგზაურობის მიზნებისთვის მეორე ბუსტერ-დოზის ჩასატარებლად მოქალაქემ ამცრელ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ბილეთის ჯავშანი“, – ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

ამასთან, ვაქცინის მეორე ბუსტერ-დოზით აცრის ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს პირველი ბუსტერ-დოზით ვაქცინაციის დასრულებიდან მინიმუმ 4 თვის შემდეგ. მეორე ბუსტერ-დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.
საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები.
ექსპერტები ყოველთვის აღნიშნავდნენ საქართველოში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს, კორონავირუსის გავრცელების პიკის დროსაც კი, რომელიც 2022 წლის იანვარ-თებერვალში დაფიქსირდა. იმ პერიოდში დღე-ღამეში საშუალოდ 3-6 ათასი აცრა ტარდებოდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 7 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სულ 2.895.967 აცრაა ჩატარებული. ორი დოზით აცრილია 1.268.478 ადამიანი. ეს არის 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 44,1%. მესამე ბუსტერ-დოზის გაკეთება 253.773 ადამიანმა გადაწყვიტა.
12-15 წლის მოზარდებში სრულად (ორჯერადად) აცრილია 3.453 ადამიანი (1,95%). 16-17 წლის მოქალაქეებს შორის ვაქცინის ორი სრული დოზა გაკეთებული აქვს 11.311 ადამიანს (13,95%).
წყარო - საკანონმდებლო მაცნე